მენეჯმენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტები შეიძენენ სიღრმისეულ და სისტემურ თეორიულ ცოდნას მენეჯმენტის სფეროში. ასევე გამოიმუშავებენ პრაქტიკულ და კვლევით უნარებს, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციაში პროფესიულ საქმიანობას და წარმატებული ლიდერისთვის საჭირო უნარების გამოვლენას. სწავლის განმავლობაში სტუდენტები გაიღრმავებენ ცვლილებების მართვისთვის რელევანტურ ცოდნასა და კომპეტენციებს და შეძლებენ ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ გამოწვევებთან გამკლავებას.

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და გამოწვევების წინაშე მდგარ ბიზნეს გარემოზე მორგებული კონკურენტუნარიანი, უახლესი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პროფესიონალების მომზადებას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ სხვადასხვა ორგანიზაციაში პროფესიულ საქმიანობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სიღრმისეულ და სისტემურ თეორიულ, ემპირიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე.

სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს:

  • ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების თანამედროვე მიდგომებით გადაჭრისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას
  • წარმატებული ლიდერისთვის აუცილებელი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებას
  • ცვლილებების მართვისთვის რელევანტური კომპეტენციებით აღჭურვის ხელშეწყობას
  • ორგანიზაციაში ეთიკური პრინციპების დაცვით მოქმედების ხელშეწყობას

 

2024 წელს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 7 წლის ვადით, 2031 წლის 30 დეკემბრამდე.

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

მაღალკვალიფიციური პერსონალი
სფეროს წამყვანი მაღალკვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულნი თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.

სწავლების მოქნილი გრაფიკი
სალექციო საათები დაგეგმილია საღამოს საათებში და შაბათ დღეს.

პრაქტიკული უნარების განვითარება
პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი) და პარტნიორი ორგანიზაციები.

არჩევითი საგნების მრავალფეროვნება
მრავალრიცხოვანი არჩევითი საგნები − სტუდენტებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის საინტერესო საგნები ინტერესებიდან და გრაფიკიდან გამომდინარე.

საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები (მაგ. Erasmus+).

სამაგისტრო კვლევების მაღალი ხარისხი
მაგისტრანტების სამაგისტრო თემების კვალიფიციური ხელმძღვანელები, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში კვლევის გამოცდილება.

სამეწარმეო უნარების განვითარების შესაძლებლობა
სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი სტრუქტურები (ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, პრეაქსელერატორი Zoom-out, სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა).

ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა
საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები, რომლებიც ხელს უწყობენ აკადემიური პროცესების ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფენ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.


პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი თამარ მაღალაშვილი  tamar.magalashvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულები საქმდებიან კერძო და საჯარო სექტორში მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში წამყვან და საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე. პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს, სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი“ მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო − 0412 ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა/0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება/0414 მარკეტინგი და რეკლამა/0311 ეკონომიკა სფეროს მიმართულებით) და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს მინიმუმ B2 დონეზე).

ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა (სავალდებულოა მხოლოდ კითხვის უნარის B2 დონეზე დადასტურება) ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ერთი დოკუმენტი:

ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეზე ენის ცოდნას):

  • კემბრიჯის გამოცდები: Cambridge English Scale – 160-180; IELTS – Bands 5.5, Cambridge First, FCE, BEC Vantage, ILEC – Pass with B2; Aptis Test;
  • Pearson Tests: PTE General, Level 3; PTE Academic 59-75;
  • TOEFL iBT 72;
  • EF SET: 51-60;
  • Duolingo: 90-115.

 

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus;

გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სწავლების ენა იყო ინგლისური.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული ქულა განისაზღვრება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მიღებული შეფასების სარეიტინგო ქულისა (წონა 60%) და რეზიუმეს სარეიტინგო ქულის (წონა 40%) გათვალისწინებით. რეზიუმეს განხილვისას ყურადღება მიექცევა განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, ხოლო შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა გულისხმობს წერით გამოცდის ფორმატით დარგობრივი შემთხვევის ანალიზის განხილვას.

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამში უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.

  • სავალდებულო კურსები − 84 ECTS
  • არჩევითი კურსები − 18 ECTS
  • სამაგისტრო ნაშრომი − 18 ECTS

რესურსები და კვლევა

  • აკადემიური წერის ცენტრი
  • ბიზნეს კვლევების ცენტრი
  • ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი
  • ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი
  • სალექციო აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ელექტრონული სამეცნიერო ბაზები
  • სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“
  • TurnitIn, Elearning

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმები:

  • „გრინვეი საქართველო“
  • „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო“
  • „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“
  • „კასტელ ჯორჯია“
  • „თ&კ რესტორნები (მაკდონალდსი)“
  • „ირაო“
  • „ვიმ ბილ დან საქართველო“
  • „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“
  • „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
  • „იმპექსფარმი“
  • „გასტრონომ მენეჯმენტ ჯგუფი“
  • „ჯი ი სი“
  • „ალტა“
  • „ბიბლუსი“
  • „თეგეტა მოტორსი“
  • „ჯეპრა“
  • „ექსპო ჯორჯია“
  • „ლომისი“