გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველად საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ გერმანიასთან დაკავშირებულ ახალ მულტი- და ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას – გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება (Deutschlandstudien, German Studies). პროგრამის მისიაა გერმანიისა და საქართველოს სოციალურ-კულტურული ურთიერთდაახლოების ხელშეწყობა ამ ორი ქვეყნის კავშირებისა და ურთიერთობების შესწავლის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს, დაეუფლებიან კულტურათშორის და დარგობრივ კომუნიკაციას, გაიღრმავებენ ცოდნას გერმანული კულტურის, პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გერმანიის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან აკადემიური პარტნიორობის ფარგლებში.

მისანიჭებელი ხარისხი: გერმანიისმცოდნეობის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი, 120 კრედიტი

რატომ უნდა ავირჩიოთ გერმანიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

უნიკალური ინტერდისციპლინური პროგრამა
გერმანიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა პირველია საქართველოში, რომელიც კომპლექსურად სწავლობს გერმანიის კულტურას, პოლიტიკასა და საზოგადოებას. პროგრამა მოქნილია და მიმართულია სხვადასხვა წინარეცოდნის, ინტერესებისა და საჭიროების მქონე სტუდენტთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების საშუალებით შეძლებთ დაამუშაოთ საქართველოსა და გერმანიაში შემორჩენილი გერმანულენოვანი დოკუმენტები და არტეფაქტები, გააანალიზოთ გერმანულ-ქართული კულტურათშორისი ლიტერატურა, განახორციელოთ გერმანიისა და საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების შედარებითი კვლევა.

საერთაშორისო თანამშრომლობა და რესურსები
პროგრამა ხორციელდება გერმანიის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან (იენის, ზიგენის, ბოხუმის) აკადემიური პარტნიორობის ფარგლებში. პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია ილიაუნის ბიბლიოთეკასთან არსებული, DFG-ის მხარდაჭერით შეძენილი გერმანულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის საცავი. კურსებს გაუძღვებიან პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ გერმანულენოვან ქვეყნებში სწავლის, კვლევისა და მუშაობის გამოცდილება, მათ შორის გერმანელი პროფესორ-მასწავლებლებიც.

გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო მობილობა
სწავლისას გექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ პრესტიჟულ გაცვლით პროგრამებში (Erasmus+, DAAD) და სასწავლებლად გაემგზავროთ გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში. ეს უნიკალური შესაძლებლობა გაძლევთ საშუალებას, პირველწყაროებთან შეხებით გაიღრმავოთ ცოდნა გერმანული კულტურის, პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ, გააფართოოთ საერთაშორისო კონტაქტები და გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა.

პრაქტიკული გამოცდილება და კარიერული პერსპექტივები
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტაჟირებები შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებში, რაც საშუალებას მოგცემთ, პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული თეორიული ცოდნა. ასევე შესაძლებელი იქნება სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო/კვლევით პროექტებში, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის საქმიანობაში. პროგრამის კურსდამთავრებულები მომზადებული იქნებიან ჩაერთონ გერმანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კულტურულ თუ სამეცნიერო პროექტში და დასაქმდნენ საერთაშორისო დაწესებულებებში.


პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ლევან ცაგარელი  levan_tsagareli@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

გერმანიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • ჩაერთოთ კულტურულ და სამეცნიერო პროექტებში;
  • იმუშაოთ გერმანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საერთაშორისო დაწესებულებაში;
  • ითანამშრომლოთ საგამომცემლო, მთარგმნელობითსა და ტურისტულ სფეროებში;
  • სწავლა გააგრძელოთ უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე - დოქტორანტურაში.
  • დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროგრამით გათვალისწინებულია სტაჟირებები შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებში.

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

ზეპირი გამოცდა / გასაუბრება (გერმანულ ენაზე).

კანდიდატი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას B2 დონეზე. ზეპირი გამოცდა გაიმართება დარგობრივ კომისიასთან გერმანულ ენაზე.

ზეპირ გამოცდაზე კანდიდატმა უნდა გამოავლინოს:

  • დარგობრივი ცოდნა არჩეული სფეროს შესახებ (20 ქულა);
  • მოტივაცია და სამომავლო ხედვა (20 ქულა);
  • მიღწევები და გამოცდილება (პროფესიული, აკადემიური და სხვა) (10 ქულა);
  • კომუნიკაციის და ლოგიკური მსჯელობის უნარი – ქართულ და გერმანულ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი; აუდიტორიასთან კავშირის დამყარების უნარი (10 ქულა);
  • ენობრივი კომპეტენცია B2 დონეზე – დარგობრივი გერმანული ტექსტის გაგების და საკითხის გადმოცემის უნარი (40 ქულა).

გერმანიისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

პროგრამის სტრუქტურა მოქნილია და მიმართულია სხვადასხვაგვარი წინარეცოდნის, მონაცემების, ინტერესებისა და საჭიროების მქონე სტუდენტთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამისთვის იგი მოიცავს ოთხ სავალდებულო და ერთ არჩევით ბლოკს:

  • სავალდებულო ბლოკი: კვლევის მეთოდები – არანაკლებ 18 კრედიტი;
  • სავალდებულო ბლოკი: კულტურათშორისი და დარგობრივი კომუნიკაცია – არანაკლებ 18 კრედიტი;
  • სავალდებულო ბლოკი: გერმანული პოლიტიკა და საზოგადოება – არანაკლებ 18 კრედიტი;
  • სავალდებულო ბლოკი: გერმანული კულტურა – არანაკლებ 18 კრედიტი;
  • არჩევითი ბლოკი: ევროპული კონტექსტი – არაუმეტეს 18 კრედიტი.

 

არჩევით ბლოკში შეთავაზებული კურსების მაგივრად სტუდენტს შეუძლია, დამატებით აირჩიოს კურსები ერთ-ერთი ან რამდენიმე სავალდებულო ბლოკიდან.

პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი ვალდებულია, მაგისტრატურაში სწავლის უკანასკნელ სემესტრში დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი (30 კრედიტი).

პროგრამასთან დაკავშირებული რესურსები და პარტნიორები

სწავლის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილია უახლესი დასავლური სამეცნიერო ლიტერატურით, რომელიც ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში.

უნივერსიტეტს ასევე ემსახურება:

  • საინფორმაციო კომპიუტერული ცენტრი;
  • უნივერსიტეტში არსებული სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის შიდა საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი”;
  • E-learning და Turnitin.
  • უნივერსიტეტს ემსახურება კვლევითი და სამეცნიერო ცენტრები:
  • სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი;
  • შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი;
  • ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი;
  • კავკასიის კვლევების საერთაშორისო სკოლა.

 

პროგრამასთან დაკავშირებული კვლევითი აქტივობები

გერმანიის კვლევების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ექსტრაკურიკულარული აქტივობის სახით პრაქტიკის გავლა გერმანულენოვან ორგანიზაციაში. სწავლის მეორე წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პრაქტიკა ამა თუ იმ დაწესებულებაში და განივითარონ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

შესაძლებელი იქნება სტუდენტების ჩართვაც სამეცნიერო/კვლევით პროექტებში, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის (Verein zur Bewahrung deutschen Kulturguts im Südkaukasus) საქმიანობაში, რომელსაც უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამ პროგრამის პროფესორი ოლივერ რაისნერი.